გურამ ელიზბარაშვილის დაკავება ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე - პროკურატურის განმარტება

ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავადაც მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილს, გურამ ელიზბარაშვილს ყაზახეთის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად, იუწყება გენერალური პროკურატურა.
გამოძიების ინფორმაციით, 14 ნოემბერს წარსულში ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილს საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ყაზახეთის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუხდა.
ყაზახეთის მოქალაქემ ელიზბარაშვილს საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა. საპასუხოდ ელიზბარაშვილმა პისტოლეტი ამოიღო და უცხოელის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
ძაღლის გამო უცხოელის დაჭრის ფაქტზე გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს >>
დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, ელიზბარაშვილმა გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.