თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია პირველად არის წარმოდგენილი უმსხვილეს საერთაშორისო ფესტივალზე Singapore FinTech Festival 2023, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინგაპურის Fin Tech ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო-საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO ტარდება და წელს ღონისძიებას 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე დაესწრება.
ეროვნულ ბანკს ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც მარეგულირებელთან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ-სტარტაპი „ფეივი" იქნებიან წარმოდგენილი.
ქართული დელეგაციის ძირითადი გზავნილი იქნება - ფინანსური ტექნოლოგიები და „შუა დერეფნის" განვითარების იმპულსი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ღონისძიებაში მონაწილეობას ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად მიიღებს.
სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერ-კლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.