დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

კანონპროექტში პარლამენტარების ხელფასები არა კონკრეტული თანხით, არამედ კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 1-ლ ნოემბერს რეგლამენტში ცვლილების პროექტი დააინიცირა, რომლის მიხედვითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი, თანამდებობის მიხედვით, 4-დან 7 ათას ლარამდე მერყეობს. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 8-10 ათასამდე გაიზრდება.
როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდება - დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.
„კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება 85%-ით ხდება“, – განაცხადა სესიაზე პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარლამენტის თავმჯდომარე – 8.5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7.8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7.6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7.4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7.2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7.0.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: პარლამენტის თავმჯდომარე – 10 ათასი ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9,5 ათასი ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 ათასი ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 8.750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8,5 ათასი ლარი; პარლამენტის წევრ, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8.250 ლარი.
ახალი ინიციატივა: პაპუაშვილმა დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვა>>>
ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 ათასი ლარით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 ათასი ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით.