თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა თავის დასთან შეათანხმა განცხადება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე, მიაჩნია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს.
საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც საფრანგეთში ქართული თემის ხელმძღვანელია, Palitra News–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეძებდა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას, თუმცა, პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების პოვნა ადვილი არ არის.
„რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. - განაცხადა მდინარაძემ.
მისი აზრით, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ მდინარაძე მაინც მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს გაუჭირდება ექს-პრეზიდენტის შეწყალება.
„არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 - 2012 წლებში შექმნა, ამიტომ მე მგონია, მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
თავად ზურაბიშვილის არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ის არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.