ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
უწყების ცნობით, იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც.
დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე საქართველოს ყველა რეგიონშია >>
ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.
2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი.
ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.