თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდა ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში დააკავეს. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 21-დან 63 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.
პოლიციამ, ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია ექვსი პირი, რომელთა შორის არიან „იავა" და „კოტო". „კანონიერი ქურდისთვის" და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით კი დაკავებულია შვიდი პირი (მათ შორის „ბულალა“), ხოლო „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე – ხუთი პირი (მათ შორის „ლოპე“ და „ხასიკო“).
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში და მათი „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. ისინი უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ.
„კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულები გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების" მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით („ქურდული სამყაროს" წევრობა, „კანონიერი ქურდობა"), 223-ე ტერცია მუხლით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა მუხლით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა), 273-ე პრიმა მუხლით (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) მიმდინარეობს.