საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა საქართველოს 2024 მოქალაქე. ცდომილება +/-2,2%-ია.
კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" გამოკითხულთა 55%-მა მმართველი პარტია დაასახელა, 20%-მა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი". მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
კალაძე: ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს>>>
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.