ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად - სოფელ ლაითურში ახალი ციხე გაიხსნა

აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 700 ადამიანზე გათვლილი ევროპული სტანდარტების ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9.750-ს შეადგენს, აქედან 327 ქალია. პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,26% შეადგენს. დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის: მათგან 54 ქალი და 12 არასრულწლოვანია.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომელიც დაწესებულების გახსნას ესწრებოდა, საქართველო ევროპული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, როგორც განუყოფელ და უმაღლეს ადამიანურ ღირებულებებს.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სფეროში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომელთა წყალობითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრა.
ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და მიზანი ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაა.
აღნიშნული დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის(CPT) ყველა რეკომენდაციას. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების ყველა საშუალებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრული უნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინ შეძლებენ ლექციებზე დასწრებას და ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და სასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან კომფორტული სამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორც სპორტული, ისე მოსასვენებელი სივრცეებით.
ლაითურში პენიტენციური დაწესებულების გახსნამდე საქართველოში 13 ციხე ფუნქციონირებდა. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ისინი 83,5%-ით იყო შევსებული.