მსოფლიო დღეს

რუსეთთან სადავო კურილის კუნძულებზე იაპონიის პოზიცია არ იცვლება

Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების საგანი ჩრდილოეთის ტერიტორიების კუთვნილებაა, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები არის კუნძულები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ვრცელდება და ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიებია. იაპონიის მთავრობის პოზიცია არ იცვლება. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების საგანი არის ოთხი კუნძულის ტერიტორიული კუთვნილება — ეს ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული პოზიციაა“, — განაცხადა მაცუნომ.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და იაპონიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს სინგაპურში შეხვედრის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და ტოკიოს ამჟამინდელი პოზიციით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაზე მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ 1956 წლის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც კუნძულ ჰაბომაისა და შიკოტანის იაპონიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
„სინგაპურში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, ისევე როგორც სხვა ადრინდელი შეთანხმებებისა, ჩვენ დაჟინებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად და სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად <...>. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახლა არ არის ისეთი ვითარება, რომ რაიმე კონკრეტულის თქმა შეიძლებოდეს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. მაგრამ [იაპონიის] მთავრობა კვლავაც თავისი პოზიციის ერთგულია ჩრდილოეთის ტერიტორიებთან და სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით“, — დასძინა მაცუნომ.