თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიასთვის გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ქალაქ რუსთავში „სტამბულის ბაზრობაზე“, თავის კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ის იყო ამ ბაზრის თანამფლობელი. რამდენიმე დღეში პოლიციამ ამ საქმეზე ჭანტურია საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება ირწმუნებოდა, რომ ჭანტურიამ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების შემდეგ. თუმცა, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციამ ჭანტურიას მკვლელობაში მონაწილეობის მტკიცებულებები დამაჯერებლად არ ჩათვალა.
მკვლელობის ბრალდებაში გამართლების მიუხედავად ჭანტურია ციხეში რჩება. სააპელაციო სასამართლომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების თაობაზე დამტკიცებულად ცნო და სასჯელი, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ძალაში დატოვა.
ახლა დაცვის მხარეც და ბრალდების მხარეც აპირებენ უზენაეს სასამართლოს მიმართონ.
გენერალი ქუთათელაძე წარსულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი მეთაურობდა საქართველოს სამხედრო ძალების ეროვნულ გვარდიას.
ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების მონაწილე იყო . დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, ასევე აშშ-ს ჯორჯიის შტატისა და შეერთებული შტატების არმიის მედლებით განსაკუთრებული და სამხედრო დამსახურებისთვის.
ქუთათელაძე ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო გენერალ-მაიორი და ქალაქ საჩხერის საპატიო მოქალაქე.