ეკა ჩავლეიშვილს ბელფასტის კინოფესტივალზე პრიზი გადაეცა

ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიმდინარე წლის 16-27 მაისს გაიმართა
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი" მთავარი როლისთვის ნომინაციაში „საუკეთესო შესრულება" პრიზი მიიღო.
ბელფასტის კინოფესტივალი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 1995 წლიდან ტარდება, 3-12 ნოემბერს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ჩავლეიშვილი ასევე შესულია ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში - „ევროპელი მსახიობი ქალის" ნომინაციაში. European Film Awards-ის პრემია ევროპულ კინოში მიღწევებისთვის გაიცემა. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ქართველი მსახიობი ევროპული კინოაკადემიის პრემიის შორტ-ლისტში მოხვდა>>>
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში "წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.
48 წლის მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა, სოფელში კი ამის გამო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ახლა ის თავის გრძნობებში უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, როგორ იპოვოს გზა საკუთარი ბედნიერებისკენ.
ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.