თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილში მოხდა. ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 29 წლის მამაკაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა