როგორ დავწვათ მუცლის ცხიმი: ოთხი მარტივი და აუცილებელი ნაბიჯი

Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. მუცლის ცხიმი ძირითადად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში იჩენს თავს და, როგორც მედიკოსები ამბობენ, სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი ახდენს უარყოფით გავლენას.
ვისცერული ცხიმი — ეს მუცლის ღრუს სიღრმეში არსებული ცხიმის ფენებია, რომლებიც ნაწლავებისა და ღვიძლის გარშემო გროვდება.
მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა 150 ათასი ამერიკელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დიაბეტს, კიბოსა და ინფარქტს სწორედ წელის არეში დაგროვილი ზედმეტი ცხიმი განაპირობებს.
არ გამოტოვოთ: დასახელდა წელის სახიფათო ზომა ქალებში>>
აიოველი მეცნიერების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალური წონისა და ასევე ნორმალური BMI-ის მქონე ქალები, რომელთა წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტს შეადგენდა, უფრო მეტად იყვნენ რისკის ქვეშ: მათი ორი წლის განმავლობაში გარდაცვალების შანსი სხვებთან შედარებით 31%-ით მაღალი იყო. ნაკლები ზომის წელის მქონეებს კი ნაკლებად ემუქრებოდათ გულის დაავადებები თუ კიბო.
როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბრეტ შერი ამბობს, „ჭარბი ვისცერული ცხიმი ნორმალური წონის მქონე ადამიანებსაც კი უქმნის ჯანმრთელობის საფრთხეს“.
კვლევებმა აჩვენა, რომ მუცლის ცხიმის შემცირება აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. იმისათვის, რომ ვისცერული ცხიმები სწრაფად მოიშოროთ, სპეციალისტები ოთხი არცთუ რთული ნაბიჯის გადადგმას გირჩევენ.

1. სიმძიმეების აწევა

კვლევები აჩვენებს, რომ სიმძიმეების აწევა ძალიან ეფექტურია მუცლის ცხიმის დასაწვავად.
„ჩვენ ჩავატარეთ ორწლიანი ინტერვენციული კვლევა პრემენოპაუზური ასაკის ქალებში, რომლებიც მხოლოდ კვირაში ორჯერ ვარჯიშობდნენ სიმძიმეების აწევაში. ჩვენ არ გვითხოვია მათთვის რაიმე აერობული ვარჯიშების გაკეთება ან დიეტაში ცვლილებების შეტანა. საბოლოოდ, აღმოვაჩინეთ, რომ კვირაში ორჯერ ძალისმიერი ვარჯიში მნიშვნელოვნად აფერხებდა მუცლის ცხიმის ზრდას ქალებში“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი კეტრინ შმიტცი.

2. იკვებეთ ჯანსაღად

ექსპერტების რჩევით, საჭიროა თავი აარიდოთ ზედმეტად დამუშავებულ არაჯანსაღ საკვებს.
„კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუცლის ცხიმის წვაში. წონის დასაკლები დიეტები, მათ შორის ვეგანური და ასევე კალორიების შეზღუდვა, ეხმარება ადამიანებს მუცლის ცხიმის მოცილებაში <...> დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა და ამას დამატებული წყვეტილი შიმშილობა ასევე შეიძლება იყოს ეფექტური ვარიანტი“, — აცხადებს ბრეტ შერი.
მისი თქმით, უარი უნდა თქვათ ისეთ დამუშავებულ საკვებზე, როგორებიცაა: ნაგეტსები, შაშხი თუ ძეხვეული, რომლებიც საკვებ დანამატებსაც შეიცავს.

3. იძინეთ მეტი

ვისცერული ცხიმის დაგოვების ერთ-ერთი მიზეზი ძილის ნაკლებობაა. ამიტომ აუცილებელია, რომ საკმარისი გეძინოთ — არანაკლებ შვიდი საათისა დღე-ღამეში.
„კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ცოტა სძინავს ახალგაზრდა, ჯანმრთელ და შედარებით გამხდარ ადამიანსაც კი, მით მეტ კალორიას იღებს ის. შესაბამისად, ეს იწვევს მუცლის ღრუში ცხიმის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი ვირენდ სომერსი.

4. მოერიდეთ სტრესებს

იცოდით, რომ სტრესი წონის მატებას უწყობს ხელს? ქრონიკული სტრესი ორგანიზმს კორტიზოლის გამომუშავებისკენ უბიძგებს, რამაც შეიძლება მუცლის ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს. და რაც უფრო მეტი ცხიმი გაქვთ მუცლის ღრუში, მით მეტი კორტიზოლი გამომუშავდება, რაც ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ქმნის, განსაკუთრებით, ქალებში.
„ეჭვგარეშეა, რომ გაზრდილმა სტრესმა და/ან კორტიზოლმა შეიძლება მუცლის ცხიმისა და ასევე წონის მატებას შეუწყოს ხელი“, — აცხადებენ ამერიკის სტრესების შემსწავლელ ინსტიტუტში.
დაბოლოს, როგორც მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი ტრინ ლე ამბობს, ვისცერული ცხიმის დაგროვება, შესაძლოა, მემკვიდრეობითობით იყოს განპირობებული.
მისი თქმით, ადამიანს მუცლის ცხიმის დაგროვების რისკი აქვს, თუ მის მშობლებს ან და-ძმას აქვთ:
ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
გულის დაავადებები;
ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია.
წყარო: Eat This, Not That