რატომ არ შემოუშვეს ოპოზიციის ბრიტანელი კონსულტანტი საქართველოში? უწყების განმარტება

მიზეზი, რის გამოც ბრიტანეთის მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს, უცნობია
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს საქართველოს საზღვარს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თითოეულის პირადი საქმის ცოდნა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების ბრიტანელი კონსულტანტის, ბენ მალეტის არშემოშვებასთან დაკავშირებით.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" უცხოელ კონსულტანტს, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტს ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს - მიზეზი უცნობია. „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მალეტი საქართველოში წარსულში უკვე იმყოფებოდა, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ. ბრიტანელი სპეციალისტი კონსულტაციებს უწევს პარტიებს, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს, ყველა ადამიანის პირადი საქმე ვერ მეცოდინება, ბუნებრივია...ქვეყანაში დაშვება არ მოხდა, შესაბამისი პროცედურები ხორციელდება, ზუსტად დეტალები არ ვიცი“, - განაცხადა დარახველიძემ „ტვ პირველთან“.
მისი თქმით, ეს არის სტანდარტული პროცედურა, როცა ადამიანს შემოსვლის დროს ამოწმებენ და სწავლობენ, კონკრეტულ შემთხვევაში არის გარემოებები, როცა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილებას იღებს, შემოუშვას თუ არა პირი ქვეყანაში.
„ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს, თუ პატრულის, ან ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ვინც ადგილზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, არ ეთანხმება. ეს ყოველდღიურად ხდება, არაერთ ადამიანს ეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე უარს, ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პროცედურა და რამე განსაკუთრებული ჩვენს ქვეყანაში არ ხდება", - განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.