პაპუაშვილი: არჩევნებმა საქართველოში სწორი პოლიტიკური პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი დაინტერესებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სწორი პოლიტიკური პრიორიტეტები დადგინდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის ევროკომისიის მიერ გაჟღერებულ ცხრა ნაბიჯს შორისაა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება.
„ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს ისეთი, რომელიც ქვეყანას შემდეგი ოთხი წლისთვის სწორ პოლიტიკურ პრიორიტეტებს დაუსახავს და არავის მისცემს საშუალებას, სცადოს რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრება, როგორც ეს სცადეს 2020 წელს, როცა თითქმის ერთი წელი ქვეყანას სიყალბით, ტყუილით, მანიპულაციით აჯანჯღარებდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს, უარს ეუბნებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს მათი მანდატი წაროედგინათ პარლამენტში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არამარტო ევროპული განვითარება, არამედ ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის არჩევნებზე გადის. არჩევნები - ეს არის დღე და მომენტი, როცა განისაზღვრება პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორი თუ ვინ არის მზად დემოკრატიული დისკუსიისთვის, ვინ ვერ მომწიფდა ამისთვის და ასევე ვის სურს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი.
„მათ შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარი ამოცანაა იმუშაონ ოპოზიციასთან, რომ იგი 2024 წლის არჩევნებისთვის მომწიფდეს. იმისთვის, რათა ერთი მხრივ, წინასაარჩევნო გარემო იყოს საგნობრივ დისკუსიაზე დამყარებული და არა იმაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ ოპოზიციისგან, როცა ერთი-ორი პოპულისტური საკითხი აქვთ და იმისთვის, რომ ემოციებზე იმუშაონ, რაც შეიძლება მეტ ღვარძლს თესავენ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამაზე და საგნობრივ დისკუსიაზე გადავიდეს.
„თუ ადამიანი საპარლამენტო საქმიანობას დააკვირდება, ნახავს, რომ როგორც კი საქმე გადადის საგნობრივ მსჯელობაზე, ოპოზიცია ან დარბაზიდან გარბის, ან სუსტია დისკუსიაში. საკმარისია „მინისტრის საათს" შევხედოთ - ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ კითხვების დასმით და კამერების წინაშე პოზირებით, პასუხებს არც კი ელოდებიან, რადგან საგნობრივი დისკუსიისთვის მზად არ არიან", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება>>>
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.