თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სახანძრო მანქანები გადაეცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი სახანძრო მანქანებით აღიჭურვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
„ამ პერიოდში მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან გვეხმარებიან როგორც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველომ სამხრეთ კორეისგან ასევე დრონი მიიღო, რომელიც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის აქტიურად გამოიყენება.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გარემოს დაცვის სააგენტოს გადავცეთ სახანძრო მანქანები, რომელთა მეშვეობითაც იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვას და შენარჩუნებას“, - განაცხადა კონსერვაციის მიმართულებით კორეის ეროვნული პარკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა იანგ-ლიმ სონმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა მადლობა გადაუხადეს კორეის ეროვნული პარკების დელეგაციის წევრებს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
კორეის ეროვნული პარკების დელეგაცია საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ბორჯომში 7-9 ნოემბერს ჩატარდა.
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია, რომელიც მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ რაიონს და გადაჭიმულია ბორჯომიდან ხარაგაულამდე. მისი ფართობი 5,3 ათასი კვადრატული მეტრია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 7,6%-ია.