ახალგაზრდობის სააგენტო მომავალი წლიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა

ამჟამად ახალგაზრდული პოლიტიკა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექვემდებარება
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილების შემცირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილების გაფართოება ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხებით გადაწყვიტა, განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ უწყებას ახალი სახელწოდება ექნება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო თავისი პროგრამებით, სკოლიდან პროფესიულ და უმაღლეს განათლებამდე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
„ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ახალგაზრდობის სააგენტო სამინისტროს შემადგენლობაში 2024 წლის 1 იანვრიდან გადავა.
ამილახვარის განცხადებით, განახლებულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. მისივე თქმით, განათლების პოლიტიკასთან ერთად იქნება შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები.
გაუმჯობესდება და გაძლიერდება ახალგაზრდობის სააგენტოს სერვისები, აღნიშნა მინისტრმა.