თბილისი, 12 ნოემბერი- Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
„გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 11 ნოემბერს დააკავა.
ბრალდებულების დაკავებისას ამოღებულ იქნა სამხედრო აღჭურვილობა, ელექტროშოკები, ყალბი დოკუმენტები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.