მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიება პედაგოგს მოსწავლეებთან სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას ედავება.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებულ სკოლის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება.
პროცესი მედიისთვის დახურული იყო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლის სპორტის პედაგოგი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მასწავლებელი 13 წლის მოზარდთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას შეეცადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ დაზარალებულის ოჯახმა მოგვიანებით გაიგო. გოგონას მშობლის განცხადებით, ბრალდებული მას ემუქრებოდა, ამბავი არავისთვის მოეყოლა. თუმცა ამის შესახებ კლასელებმა მალევე გაიგეს და ინფორმაციაც გავრცელდა.
მასწავლებელს ბრალი სისხლის სამართლის 138-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს სასჯელის სახით 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.