თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ (Iris) ამერიკულ ვოკალურ პროექტზე The Voice ფურორი ამჯერად „ნოკაუტის“ ეტაპზე მოახდინა.
„ნოკაუტების" რაუნდში მენტორები თავიანთ გუნდებს სამეულებად ყოფენ. მათი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და თითოეული ასრულებს საკუთარ სიმღერას. ტურის ბოლოს თითოეულ ტრიოს მენტორის არჩევით ორი-ორი მონაწილე გამოეთიშება.
ამჯერად ნინი ბრეგვაძემ Radiohead-ის სიმღერა Karma Police შეასრულა და დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი. მენტორმა ნაილ ჰორანმა სწორედ ამიტომ დატოვა ის პროექტში.
ნინი ბრეგვაძის შესრულებამ ყველა მენტორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გვენ სტეფანიმ აღნიშნა, რომ მისთვის ტურის გამარჯვებული ნინი გახდა, ჯონ ლეჯენდი კი ბრეგვაძის ხმით აღფრთოვანდა.
თავად ნინიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, როგორ მოახერხა ემოციებისგან ცრემლების შეკავება. ნინის გაუხარდა, რომ საყვარელი სიმღერის შესრულება მიანდეს.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.