თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამოქმედების დღიდან დღემდე დანაშაულში ამხილა 153 პირი და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, განაცხადა სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.
კაციტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა", - განაცხადა კაციტაძემ.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მხილებულია 69 პირი, ხოლო 16 პირი - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც კაციტაძემ განაცხადა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 10 თვეში სულ 2.514 შეტყობინება განიხილა. აქედან გამოძიება დაიწყო 420 საქმეზე, საიდანაც 237, ანუ 56% სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულს, კერძოდ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება.
სამსახურის უფროსის თქმით, 129 საქმე, ანუ 31% მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს უკავშირდება, ხოლო 54, ანუ 13% - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.