თბილისი, 10 нნოემბერი — Sputnik. ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი, რომელსაც რუსული ავიაკომპანია Red Wings ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი საათის დაგვიანებით დაეშვება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტის „ცხელ ხაზზე".
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავიაკომპანია Red Wings-ის მგზავრები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ბათუმში გაფრენას ვერ ახერხებენ. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი „დომოდედოვადან" აფრინდა, თუმცა, მალევე უკან დაბრუნდა.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ავიაგადამზიდის თვითმფრინავი განრიგით ბათუმში 11:30 საათზე უნდა დაშვებულიყო. ამ დროისთვის თვითმფრინავი მოსკოვიდან გამოფრინდა და ბათუმში 15:30 საათზე დაეშვება.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ზამთრის განრიგის ფარგლებში მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყო. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას,
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.