კოალიციური მთავრობა, როგორც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალება - პრეზიდენტი

თავისუფალი არჩევნების ჩატარება ევროკომისიის ერთ-ერთი პირობაა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თუ საქართველოში 2024 წელს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-ის ეთერში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში შევასრულებთ ყველა პირობას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობამ კარგად შეიგრძნო, რომ საქართველო მარტო არაა ამ გზაზე.
„მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება. შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის გაახარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციას ისტორიული გამარჯვება უწოდა.
„ამან [განცხადებამ] გამახარა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს, გარკვეულწილად, აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
ბრავო! მაკრონმა საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.