ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს - თურნავა

რეფინანსირების განაკვეთის დონის შენარჩუნებაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი რისკი გაჩნდა, განაცხადა ნათია თურნავამ.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ფრთხილ შერბილებას, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკი დიდი ხნის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე ჩამოსწია. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
„იმ მომენტში იყო ახალი რისკი წამოსული, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახით, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამდა, მათ შორის გარე ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო პროდუქციის ფასების თვალსაზრისით, ასევე გაურკვევლობას ზრდიდა. ამიტომ ჩვენ ფრთხილი პაუზა ავიღეთ", - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, პაუზის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაგრძელდება.
„მთლიანობაში გავაგრძელებთ გამოსვლას მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან და მონეტარული განაკვეთის თანდათანობით შეკვეცას. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დაბალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის ძალიან დაბალი, ბევრად დაბალი, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია. შესაბამისად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შემდგომშიც გავაგრძელოთ თანდათან ლიბერალიზაცია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება", - განაცხადა თურნავამ.
ბანკირები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელოდებიან>>
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
რეგულატორის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს