ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი: ბიძაშვილი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს, რომელსაც, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასჯელად უვადო პატიმრობა განესაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული დაზარალებულის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და გადაწყვიტა, ეკონტროლებინა მისი ცხოვრება — ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და მეგობართან.
ამასთან დადგინდა ისიც, რომ მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს.
„მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკერით აწამებდა. მიყენებული დაზიანებების გამო, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“, — აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის მაქსიმალური ზომა — თავისუფლების უვადოდ აღკვეთა განუსაზღვრა.