თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა თავიანთ განცხადებებში ფაქტობრივად აღიარეს გაყინული რუსული აქტივების მოპარვის სურვილი, რაც რუსეთს G7-ის ქვეყნების აქტივებთან დაკავშირებით მოქმედების საფუძველს აძლევს, წერს რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის Telegram-არხზე.
ვოლოდინის თქმით, მართალია, ეს რუსეთის ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ეს არის „დანაშაული, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებმა და უცხოეთის სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ“.
„ჩვენს ქვეყანას აქვს მორალური და სამართლებრივი საფუძველი, რომ იმოქმედოს G7-ის ქვეყნების აქტივებთან დაკავშირებით, რომლებიც გაყინული რუსული სახსრების რაოდენობას აღემატება. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა იმაზე ორჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ოქროსა და ვალუტის გაყინული რეზერვებია“, − წერს ის.
დუმის სპიკერს მიაჩნია, რომ G7-მა თავისი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურა საკუთრების ხელშეუხებლობის მითი, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი სისტემა ეფუძნება.
მანამდე, G7-ის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს. გარდა ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაციის უფლებას, ხოლო სახელმწიფო მდივანს მათი უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სასარგებლოდგადაცემის უფლებას აძლევს.
უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია, ძირითადად ბელგიური Euroclear-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლირინგის სისტემის ანგარიშებზეა.