ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოში: თაღლითებმა Procter & Gamble „გადააგდეს"

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - ფულის გათეთრების ბრალდებით სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ის ელექტრონულ ფოსტაზე პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და 335 ათასამდე ევრო მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.
„აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ ნაწილ-ნაწილ გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.