საქართველომ 35 ტონამდე მანდარინი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნა

პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა, განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში თურქეთიდან შემოსული 35 ტონამდე მანდარინით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფიდან“ ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მანდარინი საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შემოწმდა.
„სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კგ მანდარინში პესტიციდების შემცველობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.