თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის საზოგადოებრივი დიპლომატიის ეროვნული სამმართველო საერთაშორისო მედიასაშუალებებს დაუყოვნებელი ზომების მიღებას სთხოვს „ჰამასის სამსახურში მყოფი“ ფოტოჟურნალისტების მიმართ, ნათქვამია პრემიერის კანცელარიის ოფიციალურ საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის (GPO) ხელმძღვანელმა ნიცან ჩენმა სასწრაფო წერილი გაუგზავნა AP-ის, Reuters-ის, CNN-ისა და The New York Times-ის რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს და განმარტება მოსთხოვა არასამთავრობო ორგანიზაცია Honest Reporting-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამ მედიასაშუალებების ფოტოჟურნალისტები ჰამასის გვერდით იმყოფებოდნენ, როდესაც რადიკალურმა მოძრაობამ 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელზე.
როგორც კანცელარიის განცხადებაშია ნათქვამი, სამმართველო უკიდურესად სერიოზულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო მედიასაშუალებების ფოტოჟურნალისტები „შეუერთდნენ სასტიკი მკვლელობები გაშუქებას, რომლებიც ჰამასის ტერორისტებმა ჩაიდინეს 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლებულ პუნტქებში“.
ეს ჟურნალისტები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები არიან; მათი ქმედებები ეწინააღმდეგება პროფესიულ ეთიკას. <...> საზოგადოებრივი დიპლომატიის ეროვნული სამმართველო დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს“, − ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია Honest Reporting-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 ოქტომბერს, როდესაც ჰამასი ისრაელს დაესხა თავს, ზემოაღნიშნული გამოცემების ოთხი ფოტორეპორტიორი იღებდა, თუ როგორ შეაღწიეს ტერორისტებმა ისრაელში სასაზღვრო ღობის გარღვევით, და როგორ დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები.