თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ფილმი.
„საზოგადოება ხშირად ითხოვს, გაეცნოს თანამედროვე ქართულ კინოხელოვნებას, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ ეკრანზე ან ტელევიზიით ნაკლებად ხელმისაწვდომია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველ დღეს, 8 ნოემბერს რეტროსპექტივას გახსნის ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი". ფილმის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელი აღდგენილ ვერსიას დიდ ეკრანზე პირველად ნახავს. ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2005 წელს ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს.
ასევე 8 ნოემბერს მაყურებელი ნახავს რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ფილმს „მამა".
რეტროსპექტივას 24 დეკემბერს დაასრულებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი", რომელიც საქართველოს კანდიდატია „ოსკარის" ნომინაციაზე - „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი".