თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. კატარის ხელისუფლებამ უარყო ისრაელის განცხადება, რომ ღაზაში იმ საავადმყოფოს ქვეშ, რომელსაც კატარი აფინანსებს, ჰამასის გვირაბი არსებობს, იუწყება BBC.
„ეს არის საოკუპაციო ძალების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებზე, საცხოვრებელ კვარტლებსა და დევნილთა თავშესაფრებზე თავდასხმების გამართლების აღმაშფოთებელი მცდელობა", — განაცხადა კატარელმა ჩინოვნიკმა მუჰამედ ალ-ემადიმ, რომელიც ღაზის სექტორის აღდგენის ეროვნულ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, ცაჰალმა ეს განცხადება „ყოველგვარი რეალური მტკიცებულებებისა და დამოუკიდებელი გამოძიების გარეშეა“ გააკეთა.
მანამდე ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ჰოსპიტალ „შეიხ ჰამადის“ ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც, ცაჰალის მტკიცებით, გვირაბის შესასვლელი და ასევე ბოევიკები იყვენ აღბეჭდილი, რომლებიც ისრაელელ ჯარისკაცებს საავადმყოფოდან ესროდნენ. კვირას გამართულ ბრიფინგზე ცაჰალის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, საავადმყოფოების მახლობლად, ჰამასის გვირაბების, სამეთაურო პუნქტებისა და გამშვები დანადგარების ქსელი აღმოაჩინეს. მისი თქმით, „ჰამასი სისტემატურად იყენებს საავადმყოფოებს, როგორც ომის მანქანის ნაწილს“.
ამ დროისათვის ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია ასე გამოიყურება:
ისრაელის განცხადებით, ცაჰალი ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც წარმატებით მიიწევს წინ ქალაქ ღაზის სიღრმისკენ — ჰამასის საყრდენი პუნქტებისკენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კვლავ მოუწოდა ღაზაში ცეცხლის დაუყონებელი შეწყვეტა, რათა მშვიდობიან მოსახლეობამდე ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს. მისი თქმით, ღაზის სექტორი ბავშვების სასაფლაო ხდება.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (აკონტროლებს ჰამასი) ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ისრაელი და მისი მხარდამჭერები მოუწოდებენ ქვეყნებს, უკიდურესად ფრთხილად მოეკიდნენ ჰამასის მონაცემებს.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „განუსაზღვრელი ვადით გაინაწილებს საერთო პასუხისმგებლობას ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე.