დიდი ძალისხმევის შედეგად - ვიცე-პრემიერი მაღალ ინფლაციასთან ბრძოლის შესახებ

ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლები კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ 2024 წლის ეკონომიკისთვის ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს, მიიჩნევს ქვეყნის ვიცე-პრემიერი.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დაძლევა, რომელიც საქართველოში 2022 წელს იყო, სახელმწიფო ორგანოებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის დიდი ძალისხმევის წყალობით იქნა დაძლეული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბრძოლა მაღალ ინფლაციასთან, რომელიც 2022 წელს 10%-ზე მეტს შეადგენდა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%), საქართველოს მთავრობის და კერძოდ, ეკონომიკური უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იყო. ინფლაციის დონემ შემცირება 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო, აპრილში ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვევით ჩამოვიდა და 2,7% შეადგინა. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 0,8% შეადგინა.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გასულ წელს გვქონდა, ზუსტად ინფლაციასთან ბრძოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაღალი ინფლაცია იყო მთავარი პრობლემა და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ სახელმწიფო უწყებებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და გვაქვს ეს შედეგები", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლები კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ 2024 წლის ეკონომიკისთვის ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დაბალი ინფლაცია დადებითი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე მომავალი ეკონომიკური გადაწყვეტილებებისთვის.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე მთავარია, რომ მოსახლეობისთვის ფასები არ გაიზარდოს.
საქართველოში ინფლაციის დონე შემცირდა - სექტემბრის მონაცემები>>
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია სხვა ქვეყნებში გამოწვევად რჩება, რადგან ის ორნიშნაა.
„მაგალითად, მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, 60%-ს აღემატება ინფლაცია", - განაცხადა მან.
საქართველოს მთავრობამ ბოლო დროს კონტროლზე აიყვანა საფასო პოლიტიკა. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავისა და კვების აუცილებელი პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე დაწესებულია რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს