თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
საბადრაგო სამსახურს სამი მსჯავრდებული კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი 2 ნოემბერს დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბადრაგი დუმილის უფლებას იყენებს. ჯერჯერობით უცნობია მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს.
ეს ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მეორე ბადრაგია. აღნიშნულ საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბადრაგს ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.