თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ არ მისცემს გაერთიანების წევრ ქვეყნებს უფლებას, რომ წინააღმდეგ მისცენ ხმა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რეალურად არ მეგულება ამ 27 ქვეყნიდან რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, არიან ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო, ბოლო წელს კარგი ურთიერთობები არ ჩამოუყალიბდა. მაგალითად დეპუტატმა პოლონეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პოლონეთი წინააღმდეგია საქართველოსთვის სტატუსის წარდგენის.
პოლონელი ექიმების ჩამოსვლა საქართველოში სკანდალით დასრულდა, როდესაც სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ, 12 ივლისს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ფეხსაცმლით ექს-პრეზიდენტის ბიომასალის გატანას ცდილობდა. როგორც კლინიკის გენდირექტორმა ნინო ნადირაძემ მოგვიანებით აღნიშნა, ფეხსაცმელში ქაღალდში გახვეული ფრჩხილი და თმა აღმოჩნდა.
„პოლონეთი, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. შესაბამისად, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ", - აღნიშნა მან.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ყველა შეხვედრაზე, ყველა დედაქალაქში, სადაც ჩვენ ვიყავით, იქნება ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაცია, ყველა ქვეყნისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ თუ ევროკომისია პირობებს შესრულებულად ჩათვლის, მაშინ დაგვიჭერენ მხარს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე", - განაცხადა სამხარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.