თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროპის ძიუდოს კავშირმა საქართველოს ნაკრების წევრი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, წლის შედეგების მიხედვით, საპატიო ჯილდოები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის მონპელიეში გაიმართა, რომელმაც კონტინენტის პირველობას უმასპინძლა.
ტატო გრიგალაშვილი „ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად", ხოლო ლაშა გუჯეჯიანი „ევროპის 2023 წლის ძიუდოს საუკეთესო მწვრთნელად" აღიარეს.
გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი მოიპოვა. ის ასევე არის მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი. გარდა ამისა, 23 წლის ძიუდოისტს მოგებული აქვს ევროპის ოქრო 2021 და 2022 წლების ჩემპიონატებზე. მან 2022 წელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაში გაიმარჯვა.