ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ აბსურდული უწოდა საუბარს თბილისისთვის ამგვარი მოთხოვნების თაობაზე.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის საქართველოსგან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რადგან ესმის, რომ ეს ნიშნავს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციასა და ეკონომიკურ კატასტროფას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთს არ დაუწესებს, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები", - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი და არც ნატო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ითხოვს.
„ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: პაველ ჰერჩინსკის დადებითი დასკვნის იმედი აქვს>>
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ამასთან, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში თითქმის 10%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 10,3%-ით გაიზარდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს