„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებაა.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ​უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა.

უწყების ცნობით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც.
უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. კერძოდ, მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება.