ძიუდო: ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ტარდება
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირის ფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკთან (გიორგი რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ორგზის გამარჯვებულია.
ფინალში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), მაგრამ იგი ბრინჯაოს ორთაბრძოლაში დაპირისპირებაში კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან იპონით დამარცხდა.
კიდევ ოთხი ქართველი სპორტსმენი - გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.