თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულზეა და ნულს ქვემოთაც კი, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი.
„ურთიერთობები ნულზეა და ვიტყოდი, რომ ნულს ქვემოთ. მაგრამ რამდენადაც ამერიკასაც და ჩვენც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია მსოფლიო სტაბილურობაზე და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში ამ საუბრის აღდგენა მოგვიწევს“, – განაცხადა პესკოვმა ტელეჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში (ვიდეო გამოქვეყნებულია მის Telegram–არხზე).
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ამერიკელების ინიციატივით შეწყდა.
„რუსულ–ამერიკული ურთიერთობების მთელი ბაზისის შეწყვეტა ამერიკელების ინიციატივით მოხდა, ამიტომ აშშ–ის ლიდერმა რაღაც პერიოდში, მინიმუმ, უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით. და მაშინ მომწიფდება პირობები ასეთი შეხვედრისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ურთიერთობა შეიძლება მოხდეს „ორმხრივი სურვილისა და ორმხრივი მზაობის“ შემთხვევაში.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერი კონტაქტისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია აშშ–ის ჩარევა შიდა საქმეებში და ამაზე შესაბამისი რეაგირება აქვს.
„ჩვენ უკვე სხვანაირად ველაპარაკებით ერთმანეთს, როდესაც საქმე შიდა საქმეებში ჩარევას ეხება. რის მიმართაც არ ვიჩენდით ადრე სათანადო ყურადღებას, ახლა ამაზე აბსოლუტურად შეურიგებელი რეაგირება გვაქვს. ეს იგრძნობა პრეზიდენტის განწყობითაც და იმ ბრძანებებითაც, რასაც ის გასცემს, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალიზებული იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.