თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი სომხეთიდან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
„ამ დროისთვის ოფიციალური ბაქო ერევნიდან წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება. აზერბაიჯანი კვლავაც დაინტერესებულია სომხეთთან დიალოგის გაგრძელებით", - განაცხადა ბაირამოვმა.
შეხვედრის ადგილი და ფორმატი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, აღნიშნა მან.
„აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული", - განაცხადა მინისტრმა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.