თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ათ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები გადაეცა, განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
დასაჩუქრებულ ოჯახებს სახლების გასაღებები შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
„თერჯოლაში დღეს კიდევ ათმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ. ჯამში ჩვენ შევძელით, თერჯოლაში ამ პროექტის ფარგლებში, 29 ოჯახი დაგვეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით“, — განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს, წყალტუბოს და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები იმ ოჯახებს გადაეცა, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია „სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი.
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები, დაზიანების მასშტაბის გამო, დემონტაჟს ექვემდებარება.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.
სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, ეს პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.