თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მთვარის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწა მარსის ზომის გიგანტურ ციურ სხეულს შეეჯახა, რომელსაც თეია ერქვა. ამ შეჯახების შედეგად დედამიწის ზედაპირი ლავად გადაიქცა, ხოლო კოსმოსში გატყორცნილი ნამსხვრევებისგან მთვარე წარმოიქმნა.
მაგრამ რა დაემართა თავად თეიას ნაშთებს ამ კატასტროფული მოვლენის შემდეგ?
ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენა, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თეიას ნაწილები შესაძლოა ლავისგან გადახურებული დედამიწის მანტიაში ჩაძირულიყო და დღემდე იქ რჩებოდეს — მკვრივი ქანების ორი უზარმაზარი მასივის სახით. ეს ორი მასივი დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლისა და რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგანისაა. მათგან ერთი აფრიკის ქვეშაა, მეორე კი წყნარი ოკეანის ქვეშ.
მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის შიგნით მდებარე ეს მასივები სეისმური ტალღების საშუალებით აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწის შიგნით ვრცელდება. მათი განმარტებით, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეშ ამ ტალღების სიჩქარე ნელდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ ბევრად უფრო მკვრივი ქანები არსებობს, ვიდრე მისი გარემომცველი მანტიაა.
ამ მასივების წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა თეიას ნაშთები იყოს.
ამ ვარაუდის შესამოწმებლად, მათ დედამიწისა და თეიას შეჯახებისა და მათი ნაშთების შემდგომი ევოლუციის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. როგორც მოდელირებამ აჩვენა, თეიას ნამსხვრევები, რომლებიც ბევრად მკვრივი იყო, დედამიწის მანტიას ვერ შეერია — ისინი უბრალოდ ჩვენი პლანეტის გარე ბირთვისკენ დაეშვა და იქ ორ დიდ მასივად გარდაქმნა.
გარდა ამისა, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ გეოლოგებმა ცოტა ხნის წინ ვულკანური ქანები შეისწავლეს სამოასა და ისლანდიაში, რომლებიც, მათი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მანტიის სიღრმიდან უნდა იყოს წამოსული. ქანების ნიმუშების ანალიზმა გააჩინა ვარაუდი, რომ ზემოხსენებული მასივები დაახლოებით 4,45 მილიარდი წლის წინ უნდა იყოს ჩამოყალიბებული — ანუ დაახლოებით იმ დროს, როდესაც დედამიწისა და თეიასთან შეჯახება მოხდა.
თუ ეს ჰიპოთეზა სწორია, მაშინ გამოდის, რომ დედამიწის წიაღში ჯერ კიდევ არსებობს უძველესი კოსმოსური კატასტროფის მტკიცებულება, რომელმაც შეცვალა ჩვენი პლანეტის ბედი და შვა მთვარე.