დეპუტატი: ზოგიერთ არასამთავრობო და პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის ზღვარი წაშლილია

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ზოგიერთი ე.წ. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია ისეთი ქცევით გამოირჩევა, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ასე გამოეხმაურა გამოცემა Transitions-ში გამოქვეყნებულ ქართული ანალიტიკური ცენტრ GRASS-ის დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატ სერგი კაპანაძის სტატიას სათაურით - „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს". როგორც კაპანაძე წერს, ბედის ირონიით, საქართველომ, შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ევროკავშირის12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.
„დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი - ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ეს სამწუხარო რეალობაა. როცა ეს ზღვარი იშლება, ნიშნავს იმას, რომ ეს აღარ არის კლასიკური გაგებით სამოქალაქო ორგანიზაცია", - განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ოპოზიციური პარტია „დროას" და „გირჩის" პრაქტიკა.
„მათ აქვთ ერთი და იმავე სახელწოდების, ერთი და იგივე პირებით დაკომპლექტებული არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები", - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში ორივე პარტია ცნობილია ხმაურიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და მათი ლიდერები ამ აქციების დროს არაერთხელ იყვნენ დაკავებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
ოქტომბრის დასაწყისში გამოცემა Euroactive-თან ინტერვიუში კაპანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ ევროკავშირმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრების პრობლემის მოგვარება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
სპიკერი: კანდიდატის სტატუსთან მიმართებით რუმინეთის და სლოვენიის მხარდაჭერა იმედისმომცემია>>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნებისგან სტატუსის მიღებაში მხარდაჭერა მიიღო.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.