თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით მოემატებათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი იქნება 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი, საიდანაც 160 მლნ ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყო.
„პედაგოგებს ხელფასები რანგის მიხედვით მოემატებათ. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 500, 600 და 700 ლარითაც კი. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
2019 წლიდან ყველა უფროს პედაგოგს, წამყვან პედაგოგსა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით და მეტით მოუმატეს. ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.