თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) შვეიცარიული კომპანია Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა, ვინაიდან კომპანია კვლავაც განაგრძობს მოღვაწეობას რუსეთში, აწვდის ქვეყანას საქონელს და აფართოებს წარმოებას, წერს NAPC საკუთარ Telegram-არხზე.
„კომპანიამ [2022 წლის დასაწყისში] რუსეთში ექსპორტისა და იმპორტის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, გარდა პირველადი მოთხოვნილების საქონლისა. თუმცა, მედიის ცნობით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსული მაღაზიების თაროები სავსე იყო Nestle-ს პროდუქტებით“, — იტყობინება NAPC.
უკრაინული უწყების განმარტებით, „ნესტლე“ თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ კომპანია რუსეთის მოსახლეობას პირველადი მოთხოვნილების საქონელს აწვდის და ამასთან რუსეთში დასაქმებულ 7000-ზე მეტ თანამშრომელზეც წუხს.
„ამრიგად, კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებს და მხარს უჭერს აგრესორის ეკონომიკას. გარდა ამისა, კომპანია შეაქვს არა მხოლოდ პირველადი საჭიროების საქონელი, არამედ ცდილობს, ფარულად გაგზავნოს ტექნოლოგიური აღჭურვილობა რუსეთში საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის“ — აცხადებენ NAPC-ში.
სააგენტოს თქმით, ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ისტორიამ შვეიცარიულ კორპორაცია Nestle-ს არაფერი ასწავლა, ვინაიდან „მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი კომპანია ორ ფრონტზე მუშაობდა“ — პროდუქციას გერმანიის არმიასაც აწვდიდა და ამავდროულად ექსპორტს ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებშიც ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინამ „ომის სპონსორების“ სიას დაამატა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: AliExpress, Philip Morris, Japan Tobacco, Bacardi და სხვა.