სიყვარულზე დამოკიდებულების ტიპური შემთხვევა: ერთი მუდამ იტანჯება, მეორე — თითქმის მუდამ გულგრილია.
სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ხშირად მას სხვა გრძნობაში — სიყვარულზე დამოკიდებულებაში ურევენ. სამწუხაროდ, ისიც ისევე გავრცელებულია, როგორც, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება. მაგრამ სიყვარულზე დამოკიდებულების დროს არავის ეუბნებიან, იმკურნალეო, არამედ მას სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიან და სატელევიზიო შოუებით „ტვინს ურეცხავენ“.
თავდაპირველად განვსაზღვროთ მთავარი განსხვავება სიყვარულსა და სიყვარულზე დამოკიდებულებას შორის, რაც ადვილი საქმე არ არის.
სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს. ეს ძირითადი სიმპტომია;
არის საყვარელი ადამიანი გვერდით თუ სხვაგან, მაგალითად, ორი წლით ანტარქტიდაში გაემგზავრა, სიყვარული მაინც არსებობს და ეს უკვე კარგია. სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, მიხედოს თავის კარიერას და ცხოვრებით დატკბეს. როდესაც ადამიანს უყვარს, ის ლამაზდება, ახალგაზრდავდება, თვალები უბრწყინავს…
მას, რა თქმა უნდა, თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა სურს, მაგრამ, ამასთან ერთად, ცხოვრებაში სხვა რამეც უნდა. სწორედ ეს განასხვავებს მას სიყვარულზე დამოკიდებულებისგან, ამ დროს ადამიანი ამბობს — „მის გარეშე არაფრის კეთება არ შემიძლია“.
თავისი არსით ეს იგივეა, რაც დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, ან აზარტულ თამაშებზე, ოღონდ ნარკოტიკის ნაცვლად ცოცხალი ადამიანია. და თუ ის გვერდით არ არის, ადამიანი, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია — ე.წ. შეყვარებული იკლებს წონაში, იტანჯება, იწყებს ავადმყოფობას.
მას ყველაზე ბუნებრივი „ლომკა“ აქვს და ყველაფერს აკეთებს, როგორც ნარკომანი ან ალკოჰოლიკი, რომ თავისი „საყვარელი ადამიანი“ ნახოს: ურეკავს დღეში 50-ჯერ, წერს წერილებს, სადარბაზოსთან ყარაულობს… მაგრამ მთავარი სიმპტომი: სიყვარულზე დამოკიდებულება — ეს ყოველთვის ტკივილი და ტანჯვაა მაშინაც კი, თუ „საყვარელი ადამიანი“ გვერდითაა.
ესაა ფიზიკური ლტოლვა ვნების ობიექტისადმი, სურვილი, მიეკრას მას და არასდროს არსად გაუშვას. ასეა სასიყვარულო სიმღერებშიც — გვგონია, სიმღერები სიყვარულზეა, მაგრამ, სინამდვილეში, დამოკიდებულებაზეა, რადგან მშვიდი, სიხარულით აღსავსე სიყვარული სიმღერაში და, ზოგადად, ხელოვნებაში, არავის იტაცებს, ეს მოსაწყენია, ხოლო რაც უფრო მეტი ვნება და ლტოლვაა, მით უკეთესი — სიმღერისთვის.
მშვიდ სიყვარულში, როგორც იტყვიან, „სასიმღერო თემა“ არ არის. სიყვარულზე დამოკიდებულების სიყვარულისგან განსხვავება შემოქმედების თვალსაზრისითაც შეიძლება. დამოკიდებული ადამიანები წერენ იმაზე, თუ როგორ ცუდად არიან, როგორ უჭირთ საყვარელი ადამიანის გარეშე, როგორ უნდათ სიყვარულის გამო სიკვდილი და ა.შ. ნორმალური შეყვარებულები კი წერენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ, რომ მათ ცხოვრებაში ასეთი დიდებული გრძნობა ეწვიათ.
კიდევ ერთი მთავარი მომენტი — სიყვარული ყოველთვის ორმხრივია. ის უპასუხო არ არის. თუ უპასუხო სიყვარულია, ეს უკვე დამოკიდებულებაა. სიყვარული ავითარებს შეყვარებულთა პიროვნებებს, რაც ასევე დადებითად აისახება კარიერაზე, სწავლაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე. დამოკიდებულება უცბად აღმოცენდება, სიყვარული კი ეტაპობრივად ვითარდება. დამოკიდებული არ ენდობა საყვარელ ადამიანს. მას ეშინია, რომ მიატოვებენ, სულ ნერვულია, იტანჯება. მზადაა, მას ყველაფერი მისცეს, თავი მსხვერპლად შესწიროს, ოღონდ მან დააფასოს და მისი ერთი მზერა დაიმსახუროს.
ხანდახან დამოკიდებულება სიყვარულზე ორმხრივიცაა — როდესაც ორივე ურთიერთდამოკიდებულია. და ერთხელაც ისინი ერთმანეთის სიძულვილს იწყებენ ამ არათავისუფლების გამო.
ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ან არ უნდათ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად, სანამ ირგვლივ მყოფ ადამიანებს რჩევას არ ჰკითხავენ; მათთვის ძალზე ძნელია მარტო ყოფნა. ურთიერთობებისას ხშირად ეშინიათ, რომ მიატოვებენ. ზედმეტად მგრძნობიარე არიან კრიტიკის მიმართ, მზად არიან, მათ დაექვემდებარონ, დაეთანხმონ, ოღონდ მათგან მოწონება დაიმსახურონ. რადგან ძალიან ეშინიათ უარყოფის. მათ თავდაჯერებულობა აკლიათ, საკუთარ ღირსებებს აკნინებენ და „ჩაციკლული“ არიან თავიანთ ნაკლოვანებებზე.
უმეტეს შემთხვევებში, კიდევ რამეზე არიან დამოკიდებული – ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, საკვებზე, აზარტულ თამაშებზე, თამბაქოზე. თვითკმარი ადამიანი არაფერზე დამოკიდებული არ არის.
ხანდახან ხდება, რომ ადამიანი ჯანმრთელი და წარმატებულია. თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ უეცრად რაღაც ემართება. რატომ? პიროვნება ფსიქოლოგიურად ბირთვისა და ფასადისგან შედგება. ხდება ხოლმე, რომ პიროვნების ფასადი წარმატებული, მხიარული, პასუხისმგებლობით აღსავსეა, ხოლო ბირთვი — უმწიფარი, ასეთმა ადამიანმა ძლიერი ემოციები საკმაოდ დიდხანს შეიძლება არ მიიკაროს, რადგან მთელი ძალები ლამაზი ფასადის შენარჩუნებაზე აქვს „გადასროლილი“.
სამაგიეროდ, დამოკიდებულება მისთვის გარკვეულ „სულში ქირურგიულ ჩარევად“ იქცევა; ტკივილისა და მისი გადალახვის გავლის შემდეგ კი ის „მწიფდება“.
მასალა მომზადებულია ფსიქოლოგ მიხაილ კამელიოვის მოსაზრებებზე დაყრდნობით.