თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მომდევნო მოწვევის დეპუტატებს ხელფასები უნდა გაეზრდოთ.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი, თანამდებობის მიხედვით, 4-დან 7 ათას ლარამდე (1,4-2,6 ათასი დოლარი) მერყეობს. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 8-10 ათასამდე გაიზრდება.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრებს ხელფასები 2013 წლის შემდეგ არ მომატებიათ — ანუ არ მოსულა იმ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში, რომლებიც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის დადგენილი.
„ბოლო ათი წელია, ხელფასი არ გაზრდილა ან არ შეცვლილა. <...> მათ შორის, არც ათპროცენტიანი ზრდაშეხებიათ. ამან შედეგად ის გამოიღო ის, რომ, დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელისა — მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები“, — განმარტა მან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მის მიერ წარდგენილი ინიციატივა სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი და დეპუტატის ხელფასი „უფრო მაღალიც შეიძლებოდა ყოფილიყო“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს.