თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ არასრულწლოვანის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და 14 წლის შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 31 ოქტომბერს დააკავეს.
ქალს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11'-150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.