კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს ყველა მორალური ზღვარი აქვს წაშლილი

სააკაშვილის დაკავების შემდეგ საქართველოში ექს-პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა. სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ზურაბიშვილს უკრაინის ხელისუფლებამ და ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმაც მიმართა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს გარკვეული გარემოებების და არა მორალური მოსაზრებების გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეიწყალა, ახლა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. გვარამიას თქმით, პრეზიდენტმა „უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს" და სააკაშვილი გაათავისუფლოს".

„როგორც ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილს მორალური ზღვარი აღარ აქვს. შეიძლება სხვა ფაქტორებიც იყოს, რის გამოც იგი თავს იკავებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან. თუმცა, სამწუხაროდ, მისი ყველა მორალური ზღვარი წაშლილია", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა სლოგანით – „დავასრულოთ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ახლა კი პირდაპირ ალიანსშია ამ პოლიტიკურ ძალასთან.
„მორალზე საუბარი ზედმეტია. ამიტომაც მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება მისი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება ფიზიკურად არ შეუძლია - ოპოზიციონერი>>>
ამავდროულად, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფიზიკურად ვერ შეძლებს ექს-პრეზიდენტის შეწყალებას, რადგანაც სასამართლო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესშია.
თავად ზურაბიშვილმა ადრე განაცხადა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სიტუაციიდან გამოსავალი არ არის, რადგანაც ქართველ ხალხს ეს არ სურს
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს>>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.