თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელი დააკავეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, სსკ-ის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიქცა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, საბადრაგო სამსახურს პატიმრები კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამივე გაქცეული პატიმარი დაკავებულია.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.